English / ქართული / русский /
რევაზ ჯავახიშვილი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციები საქართველოში გლობალიზაციისა და პანდემიის თანამედროვე ეტაპზე

ანოტაცია. გლობალიზაციის ეპოქაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, როგორც კაპიტალის მოძრაობის საერთაშორისო ფორმა, უდიდეს როლს ასრულებს როგორც მსოფლიოს განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ აღორძინებაში. ნაშრომში გაანალიზებულია გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკის ძირითადი ტენდენციები. მასში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური მასშტაბით პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და მართვის მექანიზმების შემუშავებისა და პრაქტიკული გამოყენების აუცილებლობაზე.

საკვანძო სიტყვები: ინვესტიციები, საინვესტიციო გარემო, საინვესტიციო პროექტები, ეკონომიკური შოკები, სტაბილური ინვესტირება, საინვესტიციო აქტივობა.

*** 

გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე უცხოური ინვესტიციები იქცა როგორც ეროვნული, ისე მსოფლიო ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც დიდ როლს ასრულებს როგორც ინვესტორი, ისე რეციპიენტი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციაში. კაპიტალის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის იგი წარმოადგენს შემოსავლების მიღებისა და წარმოების ეფექტიანობის ამაღლების მნიშვნელოვან, ხოლო კაპიტალმიმღები ქვეყნებისთვის კი – ეკონომიკის განვითარების, საწარმოო და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის ძირითად (ზოგჯერ ერთადერთ) წყაროს.

საქართველო, როგორც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა, სისხლხორ­ცეულად არის დაინტერესებული უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ინვესტიციების მოზიდვის წახალისებისა და დაცვისთვის საკანონმდებლო ბაზის და, შესაბამისად, სამართლებრივი გარანტიების შესაქმნელად.

დამოუკიდებლობის მოპოვების საწყის ეტაპზე საქართველოში ინვესტიციების შემოსვლა იყო ძალზე მცირე, რაც განპირობებული იყო ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაბალი დონით. შემდგომ ის თანდათანობით მატულობდა, თუმცა ამ საუკუნის დასაწყისშიც მისი დონე კვლავ დაბალი იყო, რაც ქვეყანაში არსებული კორუფციის მაღალი დონით, არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობითა და ინვესტირების სხვა არახელსაყრელი გარემოებებით უნდა აიხსნას.

ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირების, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და საინვესტიციო იმიჯის გაუმჯობესების კვალდაკვალ, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც კარგად ჩანს 1-ლი დიაგრამიდან.

 

დიაგრამა 1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში

2005-2020 წწ. (მლნ აშშ დოლარი) [7] 

მონაცემებიდან ჩანს, რომ მოცემულ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ზრდა განსაკუთრებით მაღალი იყო 2007 წელს, როცა მან 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა და წინა წელთან შედარებით 69,2%-ით გადიდდა. ეს განპირობებული იყო ბოლო პერიოდში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებით, ქვეყნის გავლით ნავთობისა და გაზსადენების მშენებლობასა და რეაბილიტაციასთან, საპორტო ნაგებობების, აეროპორტებისა და სხვა მსხვილი ობიექტების პრივატიზაციასა და მშენებლობასთან დაკავშირებით, ქვეყანაში მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების შემოსვლით. ყოველივე ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსახლეობის დასაქმების ზრდას, უმუშევრობის დონის შემცირებასა და, საერთოდ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გარკვეულ გაუმჯობესებას.

რაც შეეხება მომდევნო 2008 წელს, საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლა, წინა წელთან შედარებით, თითქმის ნახევარი მლრდ დოლარით, ანუ 23%-ით შემცირდა, რაც გამოწვეული იყო 2008 წლის აგვისტოს საყოველთაოდ ცნობილი მოვლენებით, კერძოდ, საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიით, რამაც საგრძნობლად გააუარესა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად შეამცირა ინვესტიციების შემოსვლის მოცულობა. კერძოდ, 2008 წლის მე-3 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა 605,4 მლნ დოლარიდან 134,7 მლნ დოლარამდე, ანუ 77,8%-ით შემცირდა. საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევისა და განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 2008 წლის მე-4 კვარტალში უცხოური ინვესტიციების შემოსვლის ზრდის მიუხედავად, ასეთი ტენდენცია 2009 წელსაც გაგრძელდა, როცა ქვეყანაში შემოვიდა სულ 658,4 მლნ დოლარის ინევსტიცია, ანუ წინა წელთან შედარებით 2.4-ჯერ, ხოლო 3-ჯერ და უფრო მეტად ნაკლები, ვიდრე 2007 წელს.

ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინების ზრდა შეიმჩნევა 2010 წლიდან. 2012, 2013 წლებში მისი გარკვეული შემცირების მიუხედავად, შემდგომ კვლავ შეიმჩნევა მათი ზრდა, კერძოდ, 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 1836,9 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 2-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე 2012 წელს. მომდევნო 2015 და 2016 წლებში ქვეყანაში, მიუხედავად მისი შემოდინების უმნიშვნელო შემცირებისა, 2017 წელს მან 1962,6 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 1 მლრდ-ით, ანუ 2,2-ჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე 2012 წელს.

2018-2020 წლებში კი, წინა წლებთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საგრძნობლად შემცირდა, რაც ძირითადად განპირობებულია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების (კერძოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი) დასრულებით, აგრეთვე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორების ვალდებულებებისა (საკრედიტო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციების მოცულობის შემცირებით. გარდა ამისა, ეს მდგომარეობა უნდა აიხსნას ბოლო დროს საქართველოში მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებით, კერძოდ, შიდაპარტიული კინკლაობისა და ბრძოლის გამწვავებით, რამაც საგრძნობლად გააუარესა ქვეყნის საგარეო იმიჯი, მისი საინვესტიციო გარემო და მნიშვნელოვნად განსაზღვრა უცხოური ინვესტიციების შემოსვლის შემცირება.

გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა (ენერგეტიკული პროექტების დასრულება და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება), 2020 წელს ინვესტიციების შემოდინების დიდი ზომით (53%-ით) შემცირება განსაზღვრა მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის სწრაფად გავრცელებამ. ამ ფონზე, წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7,7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ნახევრის საშუალო მაჩვენებელი 5,8%-ის დონეზე დაფიქსირდა. პანდემიამ მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, საგრძნობლად გაზარდა ინფლაციის, უმუშევრობისა და სიღარიბის დონე.

ეპიდემიამ რადიკალურად შეარყია ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის ფუნქციონირება, მაგრამ მან მაინც ყველაზე დიდი დარტყმა, პირველ რიგში, ქვეყნის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს მიაყენა. ამის ნათელი დადასტურებაა 2020 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ბრუნვის საგრძნობი შემცირება, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 16%-ით, ხოლო იმპორტი 19,1%-ით შემცირდა. სავაჭრო დეფიციტმა კი 2047,0 მლნ დოლარი, ანუ საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 40,5% შეადგინა [7].

კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურისტულ მეურნეობას. აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორად ჩამოყალიბდა. 2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში 7,3%-ით გაიზარდა და 7725,8 ათასი შეადგინა, საკუთრივ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი 6,8%-ით გადიდდა და 5080,5 ათას მლნ-ს გადააჭარბა. 2019 წელს მოგზაურობიდან შემოსავლებმა 3268,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 1,4%-ით (46,6 მლნ დოლარით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება მიმდინარე წელს, კორონავირუსის გავრცელების გამო, მოსალოდნელია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება.

პანდემიის გამო საგარეო მოთხოვნის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შენელება უარყოფითად მოქმედებს ფულადი გზავნილების მოცულობაზეც, რომელმაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 2019 წელს, როცა იგი წინა წელთან შედარებით 9,7%-ით გაიზარდა და 1733,3 მლნ დოლარი გახდა. კორონავირუსის ფონზე კი, 2020 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, იგი 4,6%-ით შემცირდა და შეადგინა მხოლოდ 769,0 მლნ დოლარი [7].

საერთოდ კი, 2020 წელს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანი შემცირების, საგარეო ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების შესუსტების ფონზე, მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება სავაჭრო და მომსახურების ბალანსის გაუარესებაში. ყოველივე ეს კი განაპირობებს გლობალური საინვესტიციო აქტივობის შესუსტებასა და, შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას.

ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გამოიყენებოდა მის ცალკეულ რეგიონებში. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი გამოყენებულ იქნა თბილისსა და აჭარაში, სადაც ყველაზე მეტად ხორციელდებოდა საწარმოო, სამშენებლო, საგზაო-სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური დანიშნულების მსხვილმასშტაბიანი პროექტები. 2019 წელს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 4/5 სწორედ ამ ორ რეგიონზე – თბილისსა (64,7%) და აჭარაზე (16,3%) მოდის. შემდეგ არის სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელოს, ზემო სვანეთის რეგიონები. რაც შეეხება კახეთს, გურიას, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, აგრეთვე შიდა ქართლს, ამ რეგიონებში ეს მაჩვენებლები შედარებით დაბალია, რაც უნდა აიხსნას აქ 2017-2018 წწ. შედარებით მსხვილმასშტაბიანი პროექტების დასრულებით.

ყურადღებას იმსახურებს უცხოური ინვესტიციების გამოყენება ეკონომიკის ცალკეული სექტორებისა და დარგების მიხედვითაც. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 616,9 მლნ დოლ. ყველაზე დიდი ნაწილი – 400,3 მლნ დოლარი, ანუ მთელი ინვესტიციების 64,8%, საფინანსო სექტორმა მიიღო. შემდეგ მოდის სამთომოპოვებითი მრეწველობა (16,4%), უძრავი ქონება (11,6%), დამამუშავებელი მრეწველობა (11%), მშენებლობა (10%), ინვესტიციები ძალზე მცირე რაოდენობით განხორციელდა ტრანსპორტზე (1,9%), ჯანდაცვაში (1,6%), ენერგეტიკაში (0,94%). განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა სასტუმროებისა და რესტორნების საქმიანობა, სადაც იგი უარყოფითი მაჩვენებლის დონეზე (-221,5 მლნ დოლ) დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების გეოგრაფიას, ანუ მსოფლიოს ცალკეული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულ ინვესტიციებს, იგი საკმაოდ განსხვავებულია (იხ. ცხრ. 1).

მონაცემებით დასტურდება, რომ 2020 წელს სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიანად ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების 95,3% შეადგინა. აქედან პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო (49,9%), მეორეზე – ნიდერლანდები (27,9%), ხოლო მესამეზე ჴ თურქეთი (17,5%).

რაც შეეხება ინვესტორი ქვეყნების სტაბილურობის მაჩვენებელს, იგი გაანგარიშებულ იქნა ძირითადი ინვესტორი ქვეყნების მიერ 2015-2020 წწ. განხორციელებული ინვესტიციების საშუალოწლიური მაჩვენებლის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ცხრილში მოყვანილი ძირითადი (ყველაზე დიდი) და სტაბილური ინვესტორი ქვეყნების თანმიმდევრობა (რიგითობა) ერთმანეთს არ ემთხვევა და ზოგჯერ ისინი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

აღნიშნული ყველაზე სტაბილური ქვეყნების სიაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებს იკავებს გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი, რომლებიც გასულ წელს სათავეში ედგნენ საქართველოს ყველაზე მსხვილ ინვესტორ ქვეყნებს. ლუქსემბურგმა, რუსეთმა და პანამამ კი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნების სიის დაბალი (შესაბამისად, მე-6, მე-7 და მე-10) საფეხურებიდან ყველაზე სტაბილური ინვესტორი ქვეყნების სიის უფრო მაღალ (შესაბამისად მე-4, მე-6 და მე-8) საფეხურებზე გადაინაცვლეს, ხოლო აშშ, მალტა და გერმანია კი შედარებით მაღალი (მე-4, მე-5 და მე-8) ადგილებიდან უფრო დაბალ (შესაბამისად მე-5, მე-7 და მე-10) ადგილებზე ჩამოქვეითდნენ. დანია კი კვლავ მე-9 ადგილზე დარჩა. სამომავლოდ, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლის გეოგრაფიაში მოსალოდნელი ცვლილებების გამო, ბუნებრივია, ცალკეული ქვეყნების მიხედვით ინვესტირების სტაბილურობის მაჩვენებლები კვლავაც შეიცვლება.

ცხრილი 1

საქართველოს ყველაზე დიდი და სტაბილური ინვესტორი ქვეყნები

 2015-2020წწ.(მლნ აშშ დოლ.)[7] 

ყველაზე დიდი ინვესტორები

ყველაზე სტაბილური ინვესტორები

ქვეყნები

2015

2016

2017

2018

2019

2020

 

2020

%

ქვეყნები

ინვესტიციები2015-2020წწ.

საშ.წლიურიინვესტიციები

სულ

1728,8

1652,6

1978,3

1306,3

1310,8

616,9

100,0

8593,7

143,2

მ.შ. გაერთიანებული სამეფო

399,3

87,8

249,0

182,8

236,6

307,8

49,9

გაერთიანებული სამეფო

1463,3

243,9

ნიდერლანდები

164,9

77,3

355,2

210,2

100,4

172,1

27,9

ნიდერლანდები

1080,7

180,6

თურქეთი

74,9

220,3

156,2

49,9

175,3

108,1

17,5

თურქეთი

884,7

147,5

აშშ

18,9

89,8

79,1

103,6

111,5

93,5

15,1

ლუქსემბურგი

489,1

81,5

მალტა

28,1

24,4

10,0

15,7

-11,1

27,6

4,5

აშშ

462,2

77,7

ლუქსემბურგი

127,3

115,7

100,7

50,1

68,8

26,5

4,3

რუსეთი

285,8

47,6

რუსეთი

52,4

28,5

51,3

73,6

54,5

25,5

4,1

მალტა

99,7

16,6

გერმანია

-2,6

24,3

-94,5

40,3

21,9

23,7

3,8

პანამა

58,9

9,8

დანია

12,1

-7,3

-4,5

15,2

2,8

22,0

3,6

დანია

52,1

8,7

პანამა

9,5

77,7

27,2

77,0

76,8

-209,3

-33,9

გერმანია

13,1

2,2

საერთოდ კი, როგორც უკვე აღინიშნა, მიმდინარე 2020 წელს როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში, თავისუფალი ფინანსური სახსრების – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძრაობა, კორონავირუსის გავრცელების გამო, საგრძნობლად შეიზღუდა. პანდემია გლობალური გამოწვევაა მსოფლიო მასშტაბით, რასაც შედეგად მოჰყვა ეკონომიკური აქტივობის საგრძნობი შენელება. კორონავირუსით განპირობებული კრიზისი და რეცესია თავისი მასშტაბითა და ზომით უფრო მეტია, ვიდრე 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი. ამასთან, პანდემიურ კრიზისთან დაკავშირებული გაურკვევლობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს იყო ფინანსური კრიზისის დროს.

პანდემია უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და მისი საინვესტიციო გარემოს ფორმირებაზე როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი არხებით, რაც არსებითადაა დამოკიდებული გლობალურ ეკონომიკურ აქტივობასა და მოლოდინებზე. კლასიკური ეკონომიკური კრიზისებისგან განსხვავებით, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ეკონომიკურ ფაქტორსა თუ სექტორთან, პანდემიური კრიზისი (შოკი) ზემოქმედებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე და საფრთხეს უქმნის მთლიანად ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი უარყოფით გავლენას ახდენს გლობალური და, შესაბამისად, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე, რაც საგრძნობლად ამცირებს მოთხოვნას ქართულ ექსპორტზე. ამ მხრივ, ძალზე საყურადღებოა ნავთობზე ფასების შემცირება, რაც ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების – რუსეთისა და აზერბაიჯანის შემოსავლებისა და მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს. პანდემია უარყოფით გალენას ახდენს არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდა მოთხოვნაზეც. ამ დროს, პირველადი მოხმარების საგნებსა და მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირებასთან ერთად, მნიშვნელოვნად სუსტდება საინვესტიციო აქტივობაც. მის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკი, მოთხოვნასთან ერთად, გავლენას ახდენს მიწოდებაზე და იწვევს გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი ფუნქციონირების დარღვევას.

გლობალიზაციის გაღრმავების პირობებში ვირუსების გაჩენა-გავრცელება და პანდემია მომავალშიცაა მოსალოდნელი. ჩვენ უნდა სათანადოდ გავაცნობიეროთ და ვისწავლოთ ნებისმიერ ვირუსთან თანაარსებობა და თანაცხოვრება არა მხოლოდ მისი პრევენციის, გავრცელების შეკავებისა და დამარცხების თვალსაზრისით, არამედ მის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისებისა და შოკების მართვისა და დაძლევის თვალსაზრისითაც. ეს კი თავიდან აგვაცილებს პანდემიით გამოწვეულ მწვავე ეკონომიკურ კრიზისებს, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესის კეთებასა და ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს, გაზრდის ინვესტიციების შემოდინებასა და მათი გამოყენების ეფექტიანობას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული, თბ., 2017.
  2. თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული, თბ., 2018.
  3. თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული, თბ., 2015.
  4. Гриффин И., Пастей М., Международный бизнес, М., 2006.
  5. Уильям Ф. и др. Инвестиции, М., 2004.
  6. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2019, თბ., 2020.
  7. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წლიური ანგარიშგებითი მასალები. www. geostat.ge
  8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წლიური ანგარიშგებითი მასალები. www.economy.ge
  9. www.geoeconomics.ge.